Accessibility links

ნარკორეალიზაციის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება


12 მაისის ღამით დაკავებული 8 ნარკორეალიზატორის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა. მისი სიტყვებით, ბრალდების მხარეს 14 მაისს, დღის ბოლომდე აქვს ვადა მიმართოს სასამართლოს დაკავებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ 23 წლის ახალგაზრდას გამოძიება ედავება ნარკოტიკული საშუალების, ე.წ. კლუბური ექსტაზის შეძენა-შენახვა-რეალიზაციას, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე-მეექვსე ნაწილით. ვესაუბრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს და ის ამბობს, რომ ვერ იხსენებს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რასაც მას გამოძიება ედავება. ის თავადაც ძალიან დაბნეულია, ამ დროისათვის იყენებს დუმილის უფლებას და შესაბამისად, არ მიუცია ჩვენება. მას შემდეგ, რაც დღეს გადმოგვეცემა საქმის მასალები, ჩანაწერები, უფრო დეტალურად გვეცოდინება თუ რას ედავება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალდება და ალბათ, შემდეგ უფრო შევძლებთ დამატებითი დეტალის აღდგენას. შექმნილი სიტუაცია არავისთვის არის სახარბიელო, ის სრულად ითავისებს არსებულ მდგომარეობას, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, თუ რაში მიუძღვის ბრალი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 თვის განმავლობაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG