Accessibility links

ახალი ამბები

ღაზის სექტორში მსხვერპლი მოჰყვა იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის მოწინააღმდეგეთა პროტესტს

საპროტესტო აქცია ღაზის სექტორში. 2018 წლის 14 მაისი

სულ მცირე 41 პალესტინელი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაიჭრა ღაზის სექტორში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის არმიის სამხედროებმა - ამის შესახებ იუწყება ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო. საპროტესტო აქცია გამოიწვია 14 მაისს, იერუსალიმში აშშ-ის ახალი საელჩოს გახსნამ. საინფორმაციო სააგენტოები თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ადგილას სასაზღვრო ღობეები გაარღვიეს და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, რის აღსაკვეთადაც სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. საელჩოს გახსნის წინა დღეს, 13 მაისს ისრაელის არმიის სარდლობამ ღაზის სექტორის მცხოვრებნი გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისგან და არ გადაეკვეთათ სასაზღვრო ხაზი. პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მიიჩნევენ მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად.

ყველა ახალი ამბავი

"თბილისი პრაიდი" შინაგან საქმეთა სამინისტროს ვასაძის წინააღმდეგ გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვს

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები სოც-მედიის საშუალებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ ვასაძის მიერ თბილისის პატრულირების დაწყებასთან დაკავშირებულ მოწოდებებზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას თხოვენ. "თბილის პრაიდის" ორგანიზატორები მიიიჩნევენ, რომ ვასაძის განცხადებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ყველა ელემენტს, კერძოდ:

  • ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს ("ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან") - განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144),
  • ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ,
  • ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა,
  • სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე.

16 ივნისს, ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

ეს გეგმა მან "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

"თბილისი პრაიდის" კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი

"აშკარა და მყისიერი საფრთხე" - იურისტი გიორგი ჩიტიძე ლევან ვასაძის დაკავების საფუძველს ხედავს და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ბიზნესმენ ვასაძის განცხადებას ლეგიონის შექმნისა და სახალხო პატრულირების დაწყების შესახებ მისი დაკავების სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს იურისტი გიორგი ჩიტიძე. მისი თქმით განცხადება შეიცავდა "აშკარა და მყისიერ საფრთხეს ქვეყნის კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და უშიშროების წინააღმდეგ განზრახ დანაშაულისთვის/მცდელობისთვის/მომზადებისთვის", რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლი ითვალისწინებს.

კერძოდ, ამ მუხლში წერია:

უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება +
1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „უკანონო ფორმირება“ (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას (გარდა სახელმწიფო ორგანოს გამგებლობაში არსებული ფორმირებისა), რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ისეთი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად, თუ ასეთი ფორმირება დანაშაულებრივი მიზნით არის შექმნილი.
2. ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება და ჩააბარა ამ შენიშვნის პირველ ნაწილში აღნიშნული საგანი (მისი ფლობის შემთხვევაში), თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

თბილისი პრაიდის კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების წარმომადგენელთა ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.

აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების უსაფრთხოდ გავლის გარანტია სურს

აშშ-მა და მისმა მოკავშირემ, საუდის არაბეთის სამეფომ განაცხადეს, რომ არ სურთ ირანთან ომი, მაგრამ ყველა საჭირო ზომას მიმართავენ იმისთვის, რომ ირანის მუქარას გაუმკლავდნენ. ეჭვგარეშეა, რომ ირანია პასუხისმგებელი გასულ კვირაში, ომანის ყურეში მომხდარი თავდასხმებისთვის, განაცხადა 16 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მაიკ პომპეომ.

პომპეომ „ფოქს ნიუზს“ უთხრა, რომ ვაშინგტონი ყველა საჭირო ზომას მიმართავს, დიპლომატიურსა და სხვა ზომებს, რათა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც აკავშირებს სპარსეთის ყურეს და ომანის სრუტეს ერთმანეთთან, სანავთობო ტრანსპორტს მოძრაობის გარანტია ჰქონდეთ.

დაძაბულობამ რეგიონში ახალ დონეს მიაღწია, როცა 13 ივნისს ორ ტანკერზე მოხდა თავდასხმა ომანის ყურეში. მანამდე ინციდენტები მოხდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აშშ და საუდის არაბეთი ირანს აკისრებენ პასუხისმგებლობას. ინტერვიუში საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამად ბინ სალმანმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „გადამჭრელი“ პოზიცია დაიკავოს.

წნორში 70 ტონა ხორბლისა და ქერის მოსავალი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 ტონა ხორბლისა და 20 ტონა ქერის მოსავალი დაიწვა.

როგორც სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაც და იქ დამწვარი მოსავალიც ინდოეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც კახეთში მიწის ნაკვეთებს ფლობენ და ყოველ წელს სხვადასხვა სახის მოსავალი მოჰყავთ.

ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ჰონგ-კონგში რეგიონის მმართველის გადადგომის მოთხოვნით ასეულ ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში

.

ასეულ ათასობით ადამიანი გავიდა ჰონგ-კონგის ქუჩებში რეგიონის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებს სურთ, რომ ასევე გაუქმდეს სადავო კანონპროექტის განხილვა, რომლის განხილვის უვადო გადადგომა მთავრობამ გამოაცხადა მასობრივი გამოსვლების შემდეგ.

ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ქალაქის მცხოვრები მოქალაქეების საკუთრივ ჩინეთში ექსტრადიციის უფლება მიეცემა.

რეგიონის ლიდერმა, კერი ლამმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ კანონპროექტის გამო ასეთი „დავა“ დაიწყო.

აქტივისტების თქმით, 15 ივნისს გამოცხადებული ცნობა, რომ კანონპროექტის გადადება მოხდა, არაა საკმარისი და ლიდერის გადადგომასთან ერთად მოითხოვენ ბოდიშს წინა დემონსტრაციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამო.

კანონპროექტის ოპონენტები თვლიან, რომ საკუთრივ ჩინეთში ადამიანის ექსტრადიცია დაუშვებელია, ჩინეთის სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის ნაკლებობის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პრობლემების გამო.

პოლიციის თანახმად ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, როცა ის პლაკატის გამოკიდების მცდელობისას, საყრდენიდან ძირს ჩამოვარდა.

ჰონგ-კონგი ჩინეთის საგანგებო ადმინისტრაციული რაიონია, რომელსაც გარკვეულ სფეროებში ავტონომია აქვს მინიჭებული. მას გარანტის აქვს, რომ 1997 წლიდან, 50 წლის განმავლობაში შენარჩუნებული ექნება თავისი სოციალური, იურიდიული და პოლიტიკური სისტემა. ამ ეტაპზე ექსტრადიცია მხოლოდ ჩინეთის იურისდიქციაში ჰონგ-კონგის გადასვლამდე, 1997 წლამდე მიღებული შეთანხმების მიხედვით არის შესაძლებელი. მანამდე მას ბრიტანეთი მართავდა.

ლევან ვასაძის განცხადებით, დაგეგმილია კაცის მკვლელობა "იქით მხარეს"

ლევან ვასაძე

თბილისში, ვერის პარკში მიმდინარეობს ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული აქცია. ლევან ვასაძის განცხადებით, დაგეგმილია კაცის მკვლელობა "იქით მხარეს":

„დღეს დილით ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ რომ ჩვენ შეგვარცხვინონ და გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური ან არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და ეს ჩვენ დაგვაბრალონ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და ჩვენ მასთან არაფერი კავშირი არ გვაქვს..."

ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ამერიკაში სწავლობდა და დიდ პატივს სცემს ამერიკელ ხალხს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინგლისურად მიმართა. თქვა, რომ ტრამპს დიდ პატივს სცემს და ურჩევნია, ინგლისურად მიმართოს.

"გავაკონტროლოთ ქალაქი" - ბიზნესმენი ლევან ვასაძე სახალხო ლეგიონს ქმნის  და ქალაქის პატრულირებას იწყებს

ლევან ვასაძე

ვერის პარკში შეხვედრაზე, თეთრ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელსაც ხელში ჯვარი ეჭირა, სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან. ეს გეგმა მან თბილისი პრაიდის კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

ვასაძე მოუწოდებს პოლიციას ხელი არ შეუშალოს ამ გეგმის განხორციელებაში; მისი თქმით ლეგიონში სპორტსმენები და სამხედრო გამოცდილების მამაკაცებიც გაერთიანდებიან.

თბილისი პრაიდის კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების წარმომადგენელთა ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.

მოსკოვის ცენტრში გაიმართა აქცია „კანონი და სამართლიანობა ყველასათვის“

მოსკოვის ცენტრში, სახაროვის გამზირზე გაიმართა მიტინგი ლოზუნგით, „კანონი და სამართლიანობა ყველასათვის“. ეს გამოსვლა შეთანხმებული იყო როგორც აქცია „მედუზის“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად, მაგრამ შემდგომ, მთავარი ლოზუნგი შეიცვალა, იტყობინება РБК. გოლუნოვის მხარდამჭერთა არაერთი აქცია გაიმართა ივნისის დასაწყისში. შემდეგ გოლუნოვი გაათავისუფლეს.

მიტინგზე გამომსვლელები იყვნენ მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, პაველ გუსევი, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, ვლადიმირ სოლოვიოვი და ტელეარხ RT-ის რედაქტორი, ეკატერინა ვინოკუროვა.

ივან გოლუნოვის მომხრეთა პიკეტების ინიციატორი და ხელისუფლების მიერ განდევნილი მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ილია აზარი გამოვიდა მოწოდებით, არ მისულიყვნენ მიტინგზე და 16 ივნისის შეხვედრას, „ფეიკი“, „დადგმული“, „დღის წესრიგის წართმევა“ და სახალხო აღშფოთებაზე „პასუხის იმიტაცია“ უწოდა.

„მედუზის“ კორესპონდენტის შეფასებით, კვირის გამოსვლაში მონაწილეობდა 600-მდე პირი, უპირატესად სკოლების მოსწავლეები და პენსიონრები. შინაგან საქმეთა სამინიტროს თანახმად, შეხვედრაზე 1600 პირი იყო.

ფოთში ტაეკვონდოს სამი მწვრთნელი დააკავეს

ფოთში ტაეკვონდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები. დააკავეს სამი მწვრთნელი.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ფედერაციის ნაწილი ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელს, სულხან ბაბუაძეს ხვდებოდა.

სულხან ბაბუაძეს მოწინააღმდეგეები ბრალს არასწორ, გაუმჭვირვალე მენეჯმენტში სდებენ და მისი თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

ფედერაციის წარმომადგენლები და მწვრთნელები ფოთის პოლიციასთან იმყოფებიან და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ცეცხლი რამდენიმე საათის წინ ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ძირითადი კერების ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ორი სამაშველო ავტომობილი და სამი ავტოცისტერნა. ხანძარს აქრობს 20 მეხანძრე მაშველი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს პრეზიდენტი მზადა სამცხე-ჯავახეთის საზღვარგარეთ პოპულარიზებისთვის

სალომე ზურაბიშვილი ბორჯომელებთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი მეორე დღეა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება. გუშინ მან აბასთუმანი დაათვალიერა, დღეს კი ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა.შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ დაბაში აღმშენებლობა მიმდინარეობს და იქიდან სწორედ ამიტომ კარგი შთაბეჭდილებით წამოვიდა.

პრეზიდენტის თქმით, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება. სალომე ზურაბიშვილმა ბუნებრივი სიმდიდრეების დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მიუხედავად მაქსიმალურად გადარჩენის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადაა რეგიონს საზღვარგარეთ გაუწიოს პოპულარიზაცია.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე დასაქმების პრობლემაზე, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობასა და პირადი ინიციატივის მნიშვნელობაზე.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში ხედავენ ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების საჭიროებას.

პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს ამ მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებში მონაწილეობას და მაღალ ტრიბუნიდან ამ პრობლემის ხაზგასმას.

ილია მეორე: უნდა შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღის საკვირაო ქადაგებაზე.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ „ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომელიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. არ ჰქონდათ მათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე და ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევდა ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას. „მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. მან დღესვე, ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტები დალოცა.

ქორეპისკოპოსი იაკობი: ლიბერალური ძალები ზედმეტებში გადადიან

„ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და უნდათ თავს მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში სულთმოფენობის დღის საკვირაო ქადაგების დროს.

მან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ შექმნილი ვითარება არის ძალადობა და მორალური ტერორი საზოგადოების უდიდეს ნაწილზე.​

"კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ“, - განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

იგი ამბობს, რომ „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოსი ყველა წესი გადმოვიღოთ.“ ქორეპისკოპოსის აზრით, ყველასთვის ნათელია, რას დაუჭერდა ხალხი მხარს, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში:

"ამიტომ მე მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ. არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა იმიტომ, რომ თქვენ როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ერევიან ამაში და ერთი მხარე, ასე ვთქვათ, თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ.

მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს და იმიტომ ვლაპარაკობ. უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ძლიერებაზე და არა იმაზე, რომ რაღაცებზე ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ“, - აღნიშნა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

18-23 ივნისს "თბილისი პრაიდის" ჩატარება იგეგმება. მის გამართვას ეკლესია და ულტრანაციონალისტური ჯგუფები ეწინააღმდეგებიან.

ტოჩინოშინი თბილისში ჩამოვიდა

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში ჩამოვიდა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილ ქართველ სეკიტორის თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები შეძახილებითა და სიმღერებით დახვდნენ.

ლევან გორგაძე სამშობლოში რამდენიმე დღეს გაატარებს და ისევ იაპონიაში დაბრუნდება, სადაც 7 ივლისიდან ჩაებმება სეზონის მეოთხე ბაშოში. მაისის სუპერტურნირის ხუთქულიანი დადებითი ბალანსით (10:5) დასრულების შემდეგ, ტოჩინოშინი ისევ ავიდა სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე - ოძეკი გახდა.

ისრაელის პრემიერის ცოლი სასამართლომ დააჯარიმა სახელმწიფო თანხების "ბოროტად გამოყენების" გამო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიაჰუს ცოლი, სარა ნეტანიაჰუ დათანხმდა საპროცესო გარიგებას მისთვის წაყენებული ბრალდების საქმეზე, რომლის თანახმად, მან "ბოროტად გამოიყენა" სახელმწიფო თანხები - 100 ათასი დოლარის ოდენობით. პროცესი შედგა იერუსალიმის სასამართლოში.

შეთანხმების მიხედვით, 60 წლის სარა ნეტანიაჰუ გადაიხდის ჯარიმის სახით 15 ათას დოლარს. სარა ნეტანიაჰუს ბრალდების მიხედვით, ის დადიოდა ძვირად ღირებულ რესტორნებში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ რეზიდენციაში საგანგებო მზარეული ემსახურებოდა.

„ჯერუსალემ პოსტის“ ცნობით, სარა ნეტანიაჰუს ადვოკატმა, იოსი კოენმა სასამართლოზე განაცხადა, რომ საქმე არ იმსახურებდა განხილვას, და რომ ის აღიძრა მხოლოდ ბრალდებულის ქმრის პოლიტიკური ცილისწამების მიზნით. სახელმწიფო პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდებული დამატებით ჯარიმებს გადაიხდის საქმის დახურვის მიზნით.

სარა ნეტნიაჰუს შარშან ბრალად დასდეს "თაღლითობა და ნდობის გატეხვა". საპროცესო გარიგების შედეგად მან აღიარა უფრო მცირე დანაშაული.

სარა ნეტანიაჰუ 1991 წელს დაქორწინდა ბენიამინ ნეტანიაჰუზე. ისრაელის 69 წლის პრემიერ ბენიამინ ნეტანიაჰუს ბრალი აქვს წაყენებული კორუფციაში.

ემზარ კვიციანი ლევან ვასაძეს: ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას!

ემზარ კვიციანი

"დიდება ღმერთს!!! ვიქნები 10 რომ დააკლდება რვას!" - ასე გამოეხმაურა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიმართვას, ვერის პარკში მამაკაცების შეკრებასთან დაკავშირებით. ეს სიტყვები ემზარ კვიციანმა თავის ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა.

ვიდეომიმართვა, რომელიც ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძე, მთავრობის კრიტიკას და ლგბტქ აქტივისტების მიერ „თბილისი პრაიდის“ ჩატარების ხელისშეშლისთვის მზაობას ეხება.

"ბრძანების გამცემ ბატონ ბიძინას, ივანიშვილს და ყველას, ვინც საქართველოს სათავეშია მინდა ვუთხრა: არაფერი შეგეშალოთ, ჩვენ არ მოგცემთ თქვენ უფლებას კორდონების ჩაყენების ამ კვირაში და მაგათ მიერ რაიმე აქტივობის ჩატარებისა. კინოთეატრში იქნება ეს, როგორც უკვე ვთქვი, სკვერში, ქუჩაზე, მთაზე, ტბაში თუ ტყეში. ყველგან მოგაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ", - განაცხადა ლევან ვასაძემ. მან 16 ივნისს კაცებს შეკრებისკენ მოუწოდა. ამ შეკრებაზე იგი მათ სამოქმედო გეგმას გააცნობს.

"თბილისის პრაიდი" 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

შსს: პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მიმდინარე წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციის მსვლელობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, ხოლო სახალხო დამცველის მიმართ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია განმარტავს, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში მოსწავლეების წერილები მიიღეს

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის შემდეგ ახლა უკვე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჩავიდა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონია დისლოცირებული

წერილებში მოსწავლეების შეკითხვები ძირითადად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების საქმიანობას შეეხებოდა. ბავშვებმა ჯარისკაცებს სამშობლოში ჯანმრთელად და მშვიდობით დაბრუნებაც უსურვეს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა მოამზადეს საპასუხო ბარათები, რომლებიც საქართველოში გამოგზავნის შემდეგ ადრესატებს გადაეცემათ.

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლებში ბავშვების მიერ შედგენილი წერილები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ შეაგროვა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.

ტრამპმა ღალატი უწოდა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიას რუსეთის ენერგოსისტემებზე თავდასხმის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ღალატი“ და „ტყუილი“ უწოდა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა რუსეთის ენერგოსისტემის დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა დაიწყეს.

„ეს არის ღალატის ვირტუალური აქტი ოდესღაც უდიდესი გაზეთისგან, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ისტორიას, ნებისმიერ ისტორიას, რომელიც თუნდაც დამაზიანებელი იყოს ქვეყნისთვის. თანაც ეს ტყუილია!“ - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ კორუმპირებული მედია ყველაფერს გააკეთებს, ან იტყვის, რაც სჭირდება, თანაც ისე რომ არც კი დაფიქრდება შედეგებზე. ტვიტერის საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა მათ მშიშრები და ხალხის მტრები უწოდა.

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ავტომანქანა გადასცა

მსოფლიო ბანკმა „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

მელიორაციის კომპანიამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა ავტოპარკი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრედინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

უწყების ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, როგორც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის მიზნით, 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

დღეისათვის დასრულებულია ქვემო სამგორის, ზედა რუსა და ტბისი კუმისის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები.

საუდის არაბეთის პრინცმა ირანი დაადანაშაულა ტანკერებზე თავდასხმაში

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა.

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა ირანი დაადანაშაულა ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმაში.

„ირანის რეჟიმმა არ გამოიჩინა იაპონიის პრემიერ-მინისტრისადმი პატივისცემა, სანამ ის ირანში იმყოფებოდა და მის ძალისხმევას უპასუხა ორ ტანკერზე თავდასხმით, რომელთა შორის ერთი იაპონური იყო“, - განაცხადა გაზეთ „Asharq Al-Awsat-„სთან ინტერვიუში საუდის არაბეთის პრინცმა.

პრინცის განცხადებით, საუდის არაბეთს არ სურს რეგიონში ომი, თუმცა უყოყმანოდ უპასუხებს მისი ხალხის, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების წინააღმდეგ გამოხატულ ნებისმიერ მუქარას.

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა. თავდასხმას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

ამის შედეგად დაძაბულობამ რეგიონში ახალ სიმძაფრეს მიაღწია. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში, მათ შორის საუდის არაბეთმა, ირანი დაადანაშაულეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს ირანს დასდო ბრალად ტანკერებზე თავდასხმაში. პენტაგონმა გაავრცელა არამკაფიო ვიდეო, რომელზეც გამოსახული უნდა იყოს ირანის რევოლუციური გვარდიის ნავები, თუ როგორ აძრობენ ისინი ხომალდის კედელზე მიმაგრებულ აუფეთქებელ ნაღმს.

პოლიციამ "ფეისბუკით" თაღლითობის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული გ.ი. მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.

პლასტიკური ბარათების საშუალებით იგი სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა.
ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეელი თანატოლები დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების მსოფლიო ჩეპიონატის ფინალური მატჩი ლოძში გაიმართა. უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეტოქეს სძლია ანგარიშით 3:1.

კორეელები თავიდან 11 მეტრიანი საჯარიმოს დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებმა შემდგომ სამი გოლის გატანა შესძლეს. თავი გამოიჩინეს ვლადისლავ სუპრიაგამ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა ამ თამაშში და კიევის "დინამოს" მოთამაშემ, გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მესამე გოლი შეუგდო კორეელებს.

უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთ წარმატებას პირველად მიაღწია.

დაღესტანში რეპორტიორს „საფინანსო ტერორიზმში“ დასდეს ბრალი

გაჯიევის მხარდამჭერთა პიკეტი 15 ივნისს, მაჰაჩყალაში

რუსეთის რესპუბლიკა დაღესტნის დამოუკიდებელი გაზეთის რეპორტიორს ბრალი დასდეს „საფინანსო ტერორიზმში“. მისი რედაქტორის თქმით, ბრალდება აბსურდულია.

აბდულმუმინ გაჯიევს ბრალად დასდეს ექსტრემისტული "ისლამური სახელმწიფოსთვის" თანხების შეგროვებაში დახმარების გაწევა. ამის თაობაზე ინფორმაცია 14 ივნისს გაავრცელა მისმა ადვოკატმა, არსენ შაბანოვმა.

მისი თქმით, გამომძიებლები ჟურნალისტის დაკითხვას ამზადებენ. გაჯიევი გაზეთ „ჩერნოვიკის“ თანამშრომელია. პოლიციამ გაჯიევის სახლი გაჩხრიკა და კომპიუტერები და მობილური ტელეფონები წაიღო. გაზეთის რედაქტორებმა განცხადება გაავრცელეს და ბრალდება უარყვეს, ისინი ამ საქმეს ადარებენ საგამოძიებო ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმეს.

მაშველებმა სვანეთიდან მთაში ჩარჩენილი ოთხი ტურისტი ჩამოიყვანეს 

ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 15 ივნისს მესტიაში, ხალდეს მთაში მეხანძრე-მაშველები დაეხმარნენ საფრთხეში ჩავარდნილ ერთი ფრანგ და სამ გერმანელ ტურისტს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერატიულ მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაშავებული.

ადგილზე გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მეხანძრე-მაშველებმა დანარჩენი ტურისტებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG