Accessibility links

ფხენიანმა ეჭვქვეშ დააყენა კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა


ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს მიმართა, დაფიქრდეს უმაღლესი დონის სამიტის ბედზე. ფხენიანის უკმაყოფილება მოჰყვა სამხრეთ კორეის და აშშ-ის ერთობლივ სამხედრო წვრთნას, რომელსაც პროვოკაციული უწოდა. პროტესტის ნიშნად, ჩრდილოეთ კორეამ გააუქმა სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელიც 16 მაისს უნდა გამართულიყო ორი ქვეყნის საზღვართან მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში. სამხედრო წვრთნები 4 დღის წინ დაიწყო, თუმცა, ფხენიანმა განცხადება მხოლოდ 15 მაისს, გვიან ღამით გაავრცელა. ჩრდილოეთ კორეის რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა იმის გამოც, რომ ფხენიანს არაფერი უთქვამს გაცილებით მასშტაბური სამხედრო სწავლების გამო, რომელიც სამხრეთ კორეამ და აშშ-მა აპრილში ჩაატარეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ვაშინგტონს არ მიუღია რაიმე შეტყობინება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების თაობაზე. ნოიერტის ინფორმაციით, სამიტისთვის მზადება გრძელდება. მოლაპარაკება 12 ივნისს, სინგაპურშია დაგეგმილი.

ფხენიანის ბოლო განცხადება და სეულის დელეგაციასთან შეხვედრის გადადება ეწინააღმდეგება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ისტორიული მოლაპარაკების შედეგებსაც. 27 აპრილს, სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ ომის მდგომარეობის ოფიციალურად დასრულებაზე, არამეგობრული მოქმედებების შეწყვეტასა და ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG