Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები ისევ მოსკოვში მიემგზავრებიან


"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერთა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. თბილისი, 2017 წლის 29 ოქტომბერი
"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერთა აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. თბილისი, 2017 წლის 29 ოქტომბერი

მოსკოვში მიემგზავრებიან საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის წევრები, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია. ადა მარშანიას ინფორმაციით, შეხვდებიან რუსეთის სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრებს. მოსკოვში გაემგზავრება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავიც. თუმცა, მარშანიას თქმით, შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ დეპუტატები მიიღებენ. “ეს იქნება მესამე ვიზიტი და იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც ვსაუბრობდით პირველ და მეორე შეხვედრებზე. ყოველთვის იქნება საუბარი სოხუმზე, ცხინვალზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ყველა იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს“ - განუცხადა 15 მაისს, ჟურნალისტებს ადა მარშანიამ. მისივე თქმით, მზად არიან „ყველა საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ“ და ნახავენ „მათ რეაქციას.“ მარშანიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრებს არ აქვთ საქართველოს პარლამენტის მანდატი და შესაბამისად, ოფიციალური დელეგაციის სტატუსი, ამიტომ მანდატს და სტატუსს ითხოვენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებოდნენ 2017 წლის ივლისსა და ოქტომბერშიც და შეხვდნენ სახელმწიფო დუმის დსთ-ისა და ევრაზიული ინტეგრაციის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეონიდ კალაშნიკოვს და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, კონსტანტინ კოსაჩოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG