Accessibility links

ქართველი ნეონაცისტების მუქარის გამო გამოძიება დაიწყო


ნეონაცისტური "ეროვნული ერთობის" მსვლელობა. თბილისი, 2018 წლის 13 მაისი

თბილისის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ნეონაცისტური ორგანიზაციის, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების საფუძველია მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული, მუქარის შემცველი განცხადებების შესახებ. ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიციაში გვიან ღამით დაკითხეს. „ეროვნული ერთობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც რუსთაველის გამზირზე ყოფილან, რადგან პოლიციელებმა „ლონდონის ბაღში ჩაკეტეს.“ დაკითხვის შემდეგ ორგანიზაციის წევრმა, თორნიკე ვაშაკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა გაფრთხილდნენ ისინი, ვინც ცდილობს „ეროვნულ ერთობას“ ჩირქი მოსცხოს. პოლიციაში დაკითხეს ორგანიზაციის ლიდერი, გიორგი ჭელიძეც. მან კვლავ დაადასტურა, რომ „თუკი მოხდება სამოქალაქო ომი და სახელმწიფოს მართვის სადავეები და კონტროლი ხელიდან გაექცევა," მზად არიან ჩაერთონ. ნეონაცისტურმა ორგანიზაციამ, „ეროვნულმა ერთობამ“ 13 მაისს თბილისში გამართა საპროტესტო მსვლელობა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის საწინააღმდეგოდ. პოლიციამ ნეონაცისტებს არ მისცა პარლამენტთან მიახლოების საშუალება. საპროტესტო მსვლელობის დროს ჭელიძე აცხადებდა, რომ “თუ გაგრძელდება აღვირახსნილობები," შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას შექმნიან და მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG