Accessibility links

აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს ანექსირებულ ყირიმში ახალი ხიდის გახსნა


პრეზიდენტმა პუტინმა "კამაზით" გაიარა ანექსირებულ ყირიმში გახსნილ ხიდზე. 2018 წლის 15 მაისი

აშშ-მა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა და გახსნა უკრაინის მთავრობის ნებართვის გარეშე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ყირიმი უკრაინის ნაწილია და იქ ხიდის მშენებლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ხელყოფას. სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციაა, რომ ხიდის მშენებლობით რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ყირიმის ოკუპაციის გამყარებას, არამედ ხელს უშლის ნაოსნობასაც, რადგან ზღუდავს მოცულობას გემებისა, რომლებსაც შეუძლიათ გაიარონ ქერჩის სრუტეში - აზოვის ზღვაში უკრაინის ტერიტორიული წყლებისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე. აშშ კვლავ ადასტურებს ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს, სანამ უკრაინა არ დაიბრუნებს კონტროლს ყირიმის ნახევარკუნძულზე.

15 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა გახსნა ქერჩის სრუტეზე აშენებული ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომელიც „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით გაიარა. 19 კილომეტრიანი ხიდი ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ტამანის ნახევარკუნძულთან.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქერჩის სრუტეზე უკანონო მშენებლობას უწოდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის კიდევ მაგალითი და განაცხადა, რომ ეს ხიდი ოკუპანტებს დასჭირდებათ ყირიმიდან გაქცევისას.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხიდის გახსნა დაგმო ევროკავშირმაც. მისი განცხადებით, კიევის ნებართვის გარეშე ხიდის მშენებლობა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG