Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფხენიანი დაიმუქრა აშშ-თან უმაღლესი დონის შეხვედრის ჩაშლით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ფხენიანი, 2018 წლის 9 მაისი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი. ფხენიანი, 2018 წლის 9 მაისი

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ 16 მაისს გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კიმ კე გვანის განცხადება, რომ თუ აშშ შეეცდება ჩრდილოეთ კორეა კუთხეში მიიმწყვდიოს და ცალმხრივად მოითხოვს უარს ბირთვულ იარაღზე, ფხენიანი დიალოგით აღარ დაინტერესდება და გადახედავს უმაღლესი დონის მოლაპარაკების შესაძლებლობას. ფხენიანის განცხადებითვე, მან უკვე დაადასტურა ბირთვული იარაღისგან კორეის ნახევარკუნძულის გათავისუფლების განზრახვა და არაერთხელ მიუთითა, რომ ამის წინაპირობა იქნება აშშ-ის მხრიდან მტრული პოლიტიკის, შანტაჟის და ბირთვული იარაღით მუქარის შეწყვეტა. კიმ კე გვანმა გააკრიტიკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი, რომელმაც ლიბიის მაგალითი გაიხსენა და ფხენიანს მოუწოდა, სწრაფად თქვას უარი ბირთვულ არსენალზე. კიმ კე გვანის თქმით, ფხენიანმა ბოლტონს სისხლისმსმელი უწოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, ფხენიანი არასდროს იტყვის უარს თავის ბირთვულ პროგრამაზე აშშ-თან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სანაცვლოდ. 13 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგი სანქციებს გააუქმებს, თუ ის მთლიანად დახურავს ბირთვულ პროგრამას. მაიკ პომპეო 9 მაისს იმყოფებოდა ფხენიანში, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. იმავე დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მისი და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG