Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OPCW: დასტურდება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი


სირიელი ბავშვი ქალაქ სარაქიბის ჰოსპიტალში
სირიელი ბავშვი ქალაქ სარაქიბის ჰოსპიტალში

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ(OPCW) დაასკვნა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, სირიის იდლიბის პროვინციის ქალაქ სარაქიბში საბრძოლო მიზნებით იყო გამოყენებული მომწამლავი ქლორი. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 16 მაისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბალონებიდან ქლორი გააფრქვიეს მექანიკური ზემოქმედების შედეგად. ორგანიზაციის ექსპერტებმა დასკვნა გამოიტანეს მომწამლავი ნივთიერების შემცველი ორი ბალონის და ადგილზე აღებული სინჯების შესწავლის საფუძველზე. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მისი ამოცანაა ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების დადგენა და არა დამნაშავის გამოვლენა.

გაეროს სპეციალური კომისიის ექსპერტების დასკვნით, ბოლო 6 წლის განმავლობაში სირიაში ქიმიური იარაღი სულ მცირე 30-ჯერ გამოიყენეს, მათგან 27-ჯერ სამთავრობო ძალებმა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 2017 წელს, „ზარინის“ შემცველი ჭურვებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ, ასადის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი რუსეთი ირწმუნებოდნენ, რომ ავიადარტყმისას ბომბი მოხვდა საწყობს, სადაც ინახებოდა მეამბოხეთა მიერ დამზადებული, ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG