Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ნატრობს რუსეთის ლიდერთან თანამედროვე დიალოგს


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის მიმართ საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა სწორია. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას მარგველაშვილმა განმარტა, რომ საქართველო რუსეთს სთავაზობს რაციონალურ დიალოგს, რაც ნიშნავს არა რომელიმე მხარის სიძლიერიდან, არამედ ერთმანეთის ინტერესებიდან და ერთმანეთის სარგებლიდან გამომდინარე ურთიერთობას.

„მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით. ამას ჰქვია თანამედროვე დიალოგის ფორმა. ასე მელაპარაკება მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი. ის მეუბნება, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ინტერესები არის ეს და რანაირად შეგვიძლია ქართველი ხალხის და პოლონეთის ხალხის ინტერესები დავამთხვიოთ. ასე მელაპარაკება, გერმანიის კანცლერი, ან საფრანგეთის პრეზიდენტი, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, სანამ რუსეთთან ასეთი საუბარი შეუძლებელი იქნება, საქართველომ მდგრადობა უნდა გამოიჩინოს და სჯეროდეს, რომ ახლაც მოიგებს, რადგან ბევრად უფრო რთულ ვითარებასა და უფრო ძლიერ მტრებთანაც გაუმარჯვია.

პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთი მის მიერ დანახული რეალობით ცდილობს საქართველოს მორალურად გატეხვას, თუმცა საქართველოს ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და ბევრად ნაკლები მეგობრები ჰყოლია, დღეს კი ქვეყნის მხარეს არიან ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ევროპა და ამერიკა და ქართული საზოგადოებაც ბევრად უფრო ძლიერია.

„ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მან რუსულ ოკუპაციას უწოდა ისტორიული აბსურდი და უსამართლობა და აღნიშნა, რომ წითელი ხაზი გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG