Accessibility links

16 მაისს საღამოს „თანასწორობის მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის გაუქმების შესახებ. „თანასწორობის მოძრაობა“ და ლგბტ თემი გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში“, - ნათქვამია 16 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. მისი ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას „ გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით“. განცხადებაში არის მოწოდება პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფებისადმი: „დაუყონებლივ შეწყვიტონ საზოგადოების დაქსაქსვის მათთვის ნაცადი მეთოდები, რომელსაც ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად იყენებენ. დათმონ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები - ამ ეტაპზე საზოგადოებრივი სიმშვიდის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. „თანასწორობის მოძრაობისა“ და ლგბტ თემის განცხადების ბოლო ნაწილში აგრეთვე წაიკითხავთ: „მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და სამოქალაქო დაპირისპირების წარმოქმნის მცდელობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ლგბტ თემს, ჩვენს გულანთებულ მხარდამჭერებსა და მეგობრებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს დებსა და ძმებს, არ მივცეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს ჩვენით მანიპულირების, ერთმანეთთან გადაკიდებისა და რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ერთმანეთთან მტრობაში დროის ხარჯვის უფლება. ჩვენ არავისთან გვაქვს გასაყოფი რამე, ჩვენ არ ვართ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მტრები, ჩვენ ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარებისა და მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შენების მომხრე ადამიანები ვართ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG