Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეწყვიტონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა


ნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა, შეწყვიტონ სხვადასხვა პრობლემის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციები. ფაშინიანის თქმით, სომხეთს ჰყავს ახალი მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ლოგიკასაა მოკლებული. „ჩვენ გზებს ვკეტავდით იმიტომ, რომ არ გვყავდა ხალხის ნდობის მქონე მთავრობა, რომელიც პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული, დღეს კი ასეთი მთავრობა არსებობს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ის მოქალაქეებს დაპირდა, რომ ყველა პრობლემური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.

უკვე რამდენიმე დღეა ერევნის მერიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია მერის, ტარონ მარქარიანის გადადგომის მოთხოვნით. 16 მაისს, აქციის ზოგიერთი მონაწილე მერიის შენობაში შეიჭრა, რის გამოც მარქარიანმა დახმარება პოლიციას თხოვა. ერევნის მერიასთან კონტრაქციას მართავენ ტარონ მარქარიანის მხარდამჭერები. სომხეთის დედაქალაქის მერი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. რესპუბლიკელების მმართველობის დასრულების მოთხოვნით, სომხეთში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქციები. საპროტესტო გამოსვლების შედეგად 23 აპრილს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG