Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანის მიმართ აშშ-ის სანქციების წინააღმდეგ „შემაჩერებელ დებულებებს“ აამოქმედებს


ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ამ კვირაში დაიწყებს სათანადო ნორმების გააქტიურების პროცესს, რათა აშშ-ის სანქციებისგან დაიცვას ევროპის ფირმების საქმიანობა ირანში. 17 მაისის განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დატოვოს აშშ-მა 2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის და დააწესოს ამ შეთანხმებით გაუქმებული სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი პარტნიორები ცდილობდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას, დაეცვა შეთანხმების პირობები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააფრთხილა ევროპის კომპანიები, რომ 90 დღის განმავლობაში შეაჩერონ საქმიანობა ირანთან, სანამ აშშ-ის განახლებული სანქციები ძალაში შევიდოდეს. სოფიაში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ევროკავშირი 18 მაისს დაიწყებს ეგრეთწოდებული „შემაჩერებელი დებულებების“ ამოქმედებას. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პატარა და საშუალო ფირმები, რომლებიც კეთილსინდისიერად აბანდებენ ირანში ფულს, მათი მარტო მიტოვება არ შეგვიძლია“, თქვა იუნკერმა. შემაჩერებელი რეგულაციები, რომლებიც თავდაპირველად 1996 წელს შევიდა ძალაში, კუბის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების დროს, საშუალებას აძლევს ევროპის ფირმებს, დაეყრდნონ კანონებს, რომლებსაც ექსტრა ტერიტორიული გამოყენება აქვთ. იუნკერის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, ნება დართოს ევროპის განვითარების ბანკს, ხელი შეუწყოს ევროპის ფირმებს, დააბანდონ ფული ირანში. ევროკომისია, იუნკერის თანახმად, გააგრძელებს თანამშრომლობას ირანთან. ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ თეირანი იმოქმედებს ერთობლივი სამოქმედო გეგმის თანახმად, რომლის თაობაზე შეთანხმდნენ აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. შეთანხმება ირანს ავალებს, შეზღუდოს ბირთვული პროგრამა სანქციების შეჩერების სანაცვლოდ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებb „ერთხმად მიემხრნენ“ ირანთან შეთანხმებას, სანამ ირანი მას შეასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG