Accessibility links

ნინო ოთხოზორია: გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა


გიგა ოთხოზორია

19 მაისს ორი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ქართულმა მხარემ მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემა კვლავ უშედეგოდ მოითხოვა ოკუპირებულ გალში, 18 მაისს გამართულ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე. მეორე წელია თბილისის დელეგაცია კანჯი-ოღლის გადაცემას მოითხოვს როგორც გალის შეხვედრებზე, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს.

„ყველა შეხვედრაზე ისმება საკითხი, რომ მკვლელი გადმოცემული იყოს და საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული, მაგრამ ორი წელია არც გადმოცემულია და არც იქ დაუსჯიათ“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას გიგა ოთხოზორიას ცოლმა, ნინო ოთხოზორიამ. მისი თქმით, გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა. „ამის ცალკეული მიზეზები არსებობს, მაგრამ მინდა რომ ვიღაცისთვის მაინც არსებობდეს სამართლიანობის სინდრომი. იცოდეს, შემდეგში რომ არ შეიძლება მსგავსი რაღაც“ - ამბობს ნინო ოთხოზორია.

2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ურთიერთშელაპარაკებისას, გიგა ოთხოზორიას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი-ოღლიმ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საფუძველზე, ადგილობრივმა სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წლის მაისში, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.

2017 წლის მარტში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ კანჯი-ოღლი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG