Accessibility links

„თეთრი ხმაურის“ საპროტესტო აქცია დღეს აღარ გაიმართება


ბექა წიქარიშვილი

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერის, ბექა წიქარიშვილის განმარტებით, აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის” პარლამენტთან 19 მაისს ორი მიზეზის გამო არ გაიმართება. პირველი მიზეზია ისაა, რომ ჯანდაცვის მინისტრი თბილისში არ იმყოფება, რის გამოც ნარკოპოლიტიკის რეფორმირების ჯგუფის შეხვედრა ჯერ არ შემდგარა. „ამ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. რამდენად არის მზად ეს სისტემა რაიმე სახის კომპრომისებზე წამოსასვლელად, ამას ერთობლივად დავინახავთ“, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბექა წიქარიშვილმა. მისი განმარტებით, აქციის გადადების მეორე მიზეზი გახდა საზოგადოებაში არსებული არაერთგვაროვანი განწყობა.

„მიგვაჩნია, რომ ერთობლივი აზრის შექმნა და საერთო ბრძოლის ერთობლივი ხედვით გაგრძელება მნიშვნელოვანია, დავმშვიდდებით და ერთობლივ სტრატეგიაზე ვიმუშავებთ. ამასობაში დაიგეგმება ეს შეხვედრაც სამინისტროებთან, რომელიც, როგორც ვთქვი, გადამწყვეტი იქნება“, - გვითხრა ბექა წიქარიშვილმა, რომლის შეფასებითაც 12-13 მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ გასული ერთი კვირის განმავლობაში ბევრი განსხვავებული აზრი და ხედვა გამოიკვეთა, თუმცა გამოჩნდა „ღია ფანჯარაც“, რომ საჭირო და შესაძლებელია სხვადასხვა საკითხზე მომუშავე სამოქალაქო ჯგუფების გაერთიანება და სისტემურ პრობლემებთან ერთიანი ძალებით დაპირისპირება. „აქამდე, ფაქტობრივად, არ გვახსოვს ასეთი ერთობლივი სამოქალაქო ბრძოლა სხვადასხვა საკითხზე ერთად. ამიტომ ვფიქრობთ, საყოველთაო ფორმატში, ყრილობის სახით შეკრებას“.

ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციის გამართვა დღის წესრიგში მაინც დგას, თუმცა სახეზეა მეთოდური მუშაობის ნაკლებობაც.

19 მაისს საპროტესტო აქციის შესაძლო ჩატარების შესახებ განცხადება 13 მაისს ღამით აქცია “ჩემი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლისას გაკეთდა. მაშინ ითქვა, რომ საპროტესტო აქციები განახლდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაპირებებს არ შეასრულებდა. დაპირებები კი გულისხმობდა პრობლემებზე მუშაობის გაგრძელებას ორ ჯგუფში - 12 მაისის სპეცოპერაციაზე სამართალდამცავთა არაპროპორციული ქმედების შემსწავლელ და ნარკოპოლიტიკის ჯგუფებში.

აქციის გადადების მიზეზებზე "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" განცხადებაც გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG