Accessibility links

ქართული მხარე უკომპრომისოს უწოდებს სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას


სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენით განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იცავს ორი ბრიტანელი ადვოკატი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ ყველა დანაშაულზე საქართველოს პასუხი სამართლებრივია. „შეუძლებელია სხვა იყოს იმიტომ, რომ ჩვენ სამართლებრივი და დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო ვართ. თუმცა, ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება“ - უთხრა სტრასბურგში ჟურნალისტებს გოჩა ლორთქიფანიძემ.

საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი აქვს 700-მდე მტკიცებულება, მათ შორის სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, გორში აფეთქებული რუსული რაკეტის „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები.

საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების დაცვა, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG