Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ


ჰიზერ ნოიერტი
ჰიზერ ნოიერტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს კვირა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ბოლო დღეებში დაიღუპა 5 უკრაინელი ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი, მათ შორის 13 წლის ბიჭი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს აგრესია და შეასრულოს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობას კრემლი აკონტროლებს და შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში შეუძლია ძალადობის დასრულება. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, მოსკოვი ირწმუნება, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა სურს, თუმცა, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა არაერთხელ მიუთითა, რომ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის არ არსებობს აღმოსავლეთ უკრაინაზე უფრო საშიში ადგილი. ნოიერტის თქმით, რუსეთის მთავრობის და მის მიერ კონტროლირებული შეიარაღებული ძალების მიერ გაჩაღებულ კონფლიქტში იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსი სამხედროებიც. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მაშინ, როცა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდასაჭერად ხარჯავს დიდ ფინანსურ და სამხედრო რესურსს, თავად რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG