Accessibility links

ფიფა შეშფოთებულია ჩეჩენი უფლებადამცველის გარშემო შექმნილი ვითარებით


ოიუბ ტიტიევი

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ(ფიფა) რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირით ადრე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის გარშემო შექმნილი სიტუაციით. ფიფამ წერილით უპასუხა 14 უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ აპრილში გაგზავნილ მიმართვას, რომელშიც ფედერაცის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს მოუწოდებდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა კრიზისული მდგომარეობის და ტიტიევის დაკავების გამო.

ფიფას საპასუხო წერილი 23 მაისს გამოაქვეყნა რუსულმა გამოცემამ, „ნოვაია გაზეტამ.“ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი ფატმა სამურა აღნიშნავს, რომ ფიფას პოზიციით, უფლებადამცველები თავისუფლად და დევნის შიშის გარეშე უნდა საქმიანობდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ ოიუბ ტიტევის დაპატიმრება არ უკავშირდება ფიფას საქმიანობას, ან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ფედერაცია ღრმად შეშფოთებულია ბატონი ტიტიევის გარშემო შექმნილი ვითარებით, რომელსაც პირადად აკვირდება და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება“ - ნათქვამია წერილში. ფიფას გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უპირველესი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფას.

„მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძღვანელი, ოიუბ ტიტიევი 2018 წლის იანვარში დააკავეს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით, რომელსაც ტიტიევი და მისი ადვოკატები გაყალბებულს უწოდებენ. უფლებადამცველისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ვადა 9 ივნისს იწურება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG