Accessibility links

კვირიკაშვილი: აშშ-თან პარტნიორობას ბევრი ახალი განზომილება დაემატება


გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პომპეო. ვაშინგტონი, 2018 წლის 21 მაისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასრულა სამუშაო ვიზიტი აშშ-ში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტისას ღიად და საგნობრივად განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა საკითხი. „ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ასევე, ნატოში გაწევრიანების მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს ივლისის სამიტს ბრიუსელში“ - განუცხადა ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვეს მიტჩელთან შედგა მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატშიც.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-სთვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა საქართველოსთვისაც და ხელისუფლება მზად არის ამ პარტნიორობაში მაქსიმალურად მაღალი თამასა აიღოს. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტი იყო შედეგიანი, კონკრეტული გზავნილებით და დაპირებებით და მას ექნება სერიოზული გაგრძელება სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. „ამ პარტნიორობას მომავალში ძალიან ბევრი ახალი განზომილება დაემატება, რათა ეს იყოს სრულმასშტაბიანი ორმხრივი პარტნიორობა, სრული სპექტრით. რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში აშშ საქართველოს ყველაზე ახლო, სტრატეგიული მხარდამჭერი პარტნიორია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვზიტით 21-23 მაისს იმყოფებოდა. სამთავრობო დელეგაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, ვიცე-პრემიერები მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG