Accessibility links

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო, თბილისში შეიზღუდა საავტომობილო მიმოსვლა


თავისუფლების მოედანი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად თბილისში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ეტაპობრივად იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით. თბილისის მერიის ინფორმაციით, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 24 მაისს შეიზღუდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ პუშკინის ქუჩისკენ. შესაბამისად, ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით.

25 მაისს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება და ფილარმონიიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ და პირიქით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით.

26 მაისს, ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტება ბარათაშვილის ქუჩაც და ფილარმონიიდან მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაივლის, შემდეგ ბარათაშვილის ხიდზე აუხვევს და ავლაბრის მოედანზე მობრუნდება. მარშრუტები, რომლებიც ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, მოძრაობას საარბრიუკენის მოედანზე დაასრულებენ.


დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG