Accessibility links

JIT: სარაკეტო დანადგარი, რომლითაც დონბასში "ბოინგი" ჩამოაგდეს, რუსეთის არმიას ეკუთვნოდა


"მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის ნამსხვრევები

სარაკეტო დანადგარი „ბუკი,“ რომლის გამოყენებითაც 2014 წლის ივლისში, უკრაინის დონბასის მხარეში ჩამოაგდეს სამგზავრო „ბოინგი,“ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა - ამის შესახებ 24 მაისს, ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს საერთშორისო საგამოძიებო ჯგუფის(JIT) წარმომადგენლებმა. მათი ინფორმაციით, სარაკეტო დანადგარი ეკუთვნოდა კურსკში დისლოცირებულ, რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას, საიდანაც 2014 წლის ივნისში გაიგზავნა დონეცკელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში. საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, რაკეტა, რომელმაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, 1986 წელს იყო გამოშვებული მოსკოვის ოლქში მდებარე დოლგოპრუდნის ქარხანაში.

„მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 777,“ რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიემგზავრებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი.

კატასტროფის მიზეზთა გამოსაძიებლად ერთობლივი ჯგუფი შექმნეს ნიდერლანდმა, მალაიზიამ, უკრაინამ, ბელგიამ და ავსტრალიამ. 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიდერლანდის პროკურატურის წარმომადგენელმა, ფრედ ვესტერბეკემ განაცხადა, რომ გამოძიებას ჯერჯერობით არ აქვს პასუხი შეკთხვაზე, რატომ ჩამოაგდეს „ბოინგი“ და კონკრეტულად ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. ვესტერბეკეს ინფორმაციით, ასამდე ეჭვმიტანილის სია რამდენიმე ათეულამდე შემცირდა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებისგან გამოითხოვეს ინფორმაცია, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო პასუხიმგებელი 53-ე ბრიგადიდან სარაკეტო დანადგარის, „ბუკის“ რუსეთიდან უკრაინაში ტრანსპორტირებაზე, თუმცა, პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. გამომძიებელთა ჯგუფმა პოტენციურ მოწმეებს მიმართა, კომისიას დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდონ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG