Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი პუტინს ესაუბრა რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორებზეც


ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი. სანკტ-პეტერბურგი, 2018 წლის 24 მაისი
ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი. სანკტ-პეტერბურგი, 2018 წლის 24 მაისი

სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინის და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკება. შეხვედრა 24 მაისს, საღამოს გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონონომიკური ფორუმის ფარგლებში. მაკრონმა და პუტინმა განიხილეს უკრაინის აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება, ირანთან ბირთვული გარიგება და კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხები.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან ისაუბრა ადამიანის უფლებებზეც და ამ კონტექსტში დაასახელა რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი და რუსი რეჟისორები, ოლეგ სენცოვი და კირილ სერებრენნიკოვი. ემანუელ მაკრონის თქმით, ეს საკითხი საფრანგეთისთვისაც ძალიან მგრძნობიარეა, რადგან ინტელექტუალური ელიტის შეშფოთებას იწვევს. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სისტემას არ მართავს, თუმცა პრობლემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი შესაძლებელია. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი დაპატიმრებულია არა პროფესიული საქმიანობის, არამედ ტერაქტების მომზადებისთვის.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად დასდეს ტერაქტების ორგანიზება. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელი რეჟისორი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „მემორიალმა.“

„გოგოლ-ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი კირილ სერებრენნიკოვი, 2017 წლის აგვისტოში, მოსკოვში დააკავეს თეატრალური დასის „მეშვიდე სტუდიისთვის“ გამოყოფილი 130 მილიონი რუბლის მითვისების ბრალდებით. შინაპატიმრობაში მყოფი რეჟისორი და მისი მხარდამჭერები სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. კირილ სერებრენნიკოვი გამოირჩევა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და კრემლის კრიტიკით. რეჟისორი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა აქციებში სამართლიანი არჩევნების და პატიმრობიდან კომპანია „იუკოსის“ ყოფილი მენეჯერის სვეტლანა ბახმინას და ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრების გათავისუფლების მოთხოვნებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, კირილ სერებრენნიკოვმა განაცხადა, რომ მზად არის მოსკოვში მოაწყოს მსვლელობა პლაკატით: „მე ქართველი ვარ.“ 2014 წელს რეჟისორმა რუსეთს უწოდა მონობის ქვეყანა, სადაც ადამიანები თავისუფლებას არ აფასებენ, ხალხსა და უკონტროლო ხელისუფლებას შორის კი ღრმა უფსკრულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG