Accessibility links

მიუხედავად მერიის თანხმობისა, სავარაუდოდ, ვერ დაიდგმება პოლიტიკური ემიგრაციისადმი მიძღვნილი ძეგლი


პოლიტიკური ემიგრაციისადმი მიძღვნილი ძეგლის დადგმის შესახებ თანხმობა თბილისის მერიამ ოფიციალურად გასცა და თანხმობის წერილი ძეგლის დადგმის ინიციატორს, „საფრანგეთში მყოფ ლტოლვილთა სათვისტომოს“ თავმჯდომარეს, ოთარ ზურაბიშვილს სავარაუდოდ, 25 მაისს გადაეცემა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ. მისი თქმით, ამჯერად ოთარ ზურაბიშვილზეა დამოკიდებული მოხერხდება თუ არა სკულპტურის მონტაჟი 27 მაისს, პირველი რესპუბლიკის ბაღში.

„საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს“ ინიციატივით, 27 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში უნდა აღმართულიყო ფრთოსანი მერნის სკულპტურა, პოლიტიკური ემიგრაციის ხსოვნისა და იმ ადამიანებისადმი მიძღვნილი, რომლებიც1921-1991 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. სკულპტურა შეიქმნა საფრანგეთში მცხოვრები სკულპტორის დარეჯან ბერელაშვილის ავტორობით და ის თბილისში, საწყობში ინახება. მიუხედავად მერიის მიერ გაცემული თანხმობისა, როგორც ჩანს, სკულპტურა პირველი რესპუბლიკის ბაღში, 27 მაისს მაინც ვერ დამონტაჟდება, რადგან, როგორც ოთარ ზურაბიშვილი განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, კვლავაც გაურკვეველია ფრთოსანი მერნისთვის განკუთვნილი კვარცხლბეკის ბედი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებითა და თანამშრომლობით უნდა დამონტაჟებულიყო.

გეგმავს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო სკულპტურის მონტაჟთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება რადიო თავისუფლებამ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა. სათვისტომოს თავმჯდომარე ოთარ ზურაბიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მიიღო. როგორც რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუმარტეს, გიორგი მარგველაშვილისათვის ფაქტი ცნობილია და ის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზებს არკვევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG