Accessibility links

"ბოინგის" ჩამოგდებასთან კავშირის მქონე რუსი გენერალი სავარაუდოდ, ყოფილი ცხინვალელი "მინისტრია"


ოლეგ ივანნიკოვი

რუსეთიდან უკრაინის აღმოსავლეთში სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის „ბუკის“ ტრანსპორტირებასთან კავშირი აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამსახურის გენერალს, ოლეგ ივანნიკოვს - ეს დასკვნა ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოიტანეს ინტერნეტგამოცემებმა, Bellingcat-მა დაThe Insider-მა. საუბარია „ბუკზე,“ რომელითაც საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგი.“ Bellingcat-ის და The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ივანნიკოვი, რომლის მოსახმობი ნიშანი იყო „ორიონი,“ უკრაინაში რუს სამხედროებს ხელმძღვანელობდა.

Bellingcat-მა და The Insider-მა მოიპოვეს ჩანაწერი, სადაც მათი ინფორმაციით, 2014 წლის 14 ივლისს, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის მინისტრის“ მოადგილე ბუგროვი და „ორიონი“ ტელეფონით საუბრობენ უკრაინის არმიის თვითმფრინავების მიერ სეპარატისტების პოზიციების დაბომბვაზე და „ორიონი“ ამბობს, რომ რამდენიმე დღეში „ბუკი“ ექნებათ და თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. სამ დღეში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში ჩამოაგდეს „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი.“ დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ივე ადამიანი.

ამავე გამოძიების მიხედვით, 2004 წელს ივანნიკოვი ანდრეი ლაპტევის სახელით ჩავიდა „სამხრეთ ოსეთში,“ სადაც ჯერ მუშაობდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოში, ხოლო 2006-2008 წლებში „თავდაცვის მინისტრად.“

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები მიუთითებენ „ორიონის“ უჩვეულოდ მაღალ ხმაზე, რომელიც მამაკაცებს იშვიათად აქვთ. საგამოძიებო მასალებით, ჯერ კიდევ ანდრეი ლაპტევის სახელით, 2012 წელს, ივანნიკოვმა მხარი დაუჭირა დავით სანაკოევს, რომელიც კენჭს იყრიდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტად. სანაკოევმა The Insider-ს დაუდასტურა, რომ ლაპტევის ხმა ქალის ხმას ჰგავს. გარდა ამისა, Bellingcat-ის წყარომ, რომელიც 2006-2008 წლებში, სამხრეთ ოსეთში „სამშვიდობო მისიაში“ მონაწილეობდა, ივანნიკოვი ფოტოზე ამოიცნო „თავდაცვის მინისტრად“ ანდრეი ლაპტევად. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ცხინვალში „მინისტრად“ მუშაობისას ივანნიკოვი თავს არიდებდა სიტუაციებს, როცა მისი სახე და ხმა შესაძლოა, მედიასაშუალებებს ჩაეწერათ და მაშინაც კი, როცა ცხინვალში ლაპტევი მედლით დააჯილდოვეს, ცერემონიის ამსახველ ფოტოზე მის გარდა ჩანს ყველა სხვა მონაწილე. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ლაპტევი „სამხრეთ ოსეთში“ იმყოფებოდა 2013 წელსაც, თუმცა, უკვე ნამდვილი გვარით, ივანნიკოვით და ავტომანქანით, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ეკუთვნის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG