Accessibility links

ნატომ და ევროკავშირმა რუსეთს მიმართეს, აიღოს პასუხისმგებლობა "ბოინგის" კატასტროფაზე


"მალაიზიის ავიახაზების" თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი. 2014 წლის ივლისი

ევროკავშირმა და ნატომ რუსეთს მოუწოდეს, აღიაროს პასუხისმგებლობა 2014 წლის ივლისში, უკრაინის აღმოსავლეთში „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგის“ კატასტროფის გამო. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა საერთაშორისო გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს. ასეთივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ. 25 მაისს, ნიდერლანდმა და ავსტრალიამ რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს პასუხისმგებლობა უკრაინის აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში მონაწილეობის გამო და მიმართეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელი გადაწყვეტილების მოსაძებნად.

თვითმფრინავი „ბოინგ 777,“ რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიემგზავრებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა ნიდერლანდის მოქალაქე იყო. დაიღუპნენ ავსტრალიის, მალაიზიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, კანადის, გერმანიის, ინდონეზიის, ახალი ზელანდიის და ფილიპინების მოქალაქეებიც.

კატასტროფის მიზეზთა გამოსაძიებლად ერთობლივი ჯგუფი შექმნეს ნიდერლანდმა, მალაიზიამ, უკრაინამ, ბელგიამ და ავსტრალიამ. 24 მაისს, საერთშორისო საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ სარაკეტო დანადგარი, „ბუკი,“ რომლითაც „ბოინგი“ ჩამოაგდეს, რუსეთის არმიას ეკუთვნოდა. კერძოდ, კურსკში დისლოცირებულ 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას, საიდანაც 2014 წლის ივნისში გაიგზავნა დონეცკელი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG