Accessibility links

პრეზიდენტი მარგველაშვილი: დროულია კრინიცის ეკონომიკური ფორუმის საქართველოში ჩატარება


„საქართველო ეკონომიკური პარამეტრებით, ბიზნესის კეთების სიიოლის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში,ბიზნესმენს ეძლევა შესაძლებლობა თავისი პროდუქცია გაიტანოს ევროკავშირის, ჩინეთის, თურქეთისა თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბურ ბაზრებზე. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებას საქართველომ „ღია და ლიბერალური პოლიტიკის“ გატარების შედეგად მიაღწია.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკურ პროცესში საქართველო სულ უფრო იმკვიდრებს პრინციპულ და მნიშვნელოვან როლს: იქნება ეს ენერგომატარებლების გატანა, ენერგოპროექტები, რომლებიც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილია; იქნება ეს სავაჭრო გზები, რომლებიც სწორედ საქართველოს გავლით აახლოვებს ერთმანეთს ევროპულ და აზიურ ბაზრებს“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზღვის არმქონე აღმოსავლეთის ეკონომიკებისთვის ხდება მნიშვნელოვანი ადგილი, ტვირთების გატანის თვალსზრისით.

კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს სასტუმრო „ჰუალინგი“ მასპინძლობს. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის პრეზიდენტმა - ანდჟეი დუდამ და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ანდრეი კისკამ. სტუმრები საქართველოში პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აქტიურობისთვის, რომლის შედეგადაც კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის თბილისში ჩატარება მოხერხდა. პრეზიდენტი მადლობას უხდის ასევე პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტსა და საქართველოს სავაჭრო პალატას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG