Accessibility links

პრემიერი კვირიკაშვილი: საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის


2017 წელს საქართველოში ისტორიული მაქსიმუმს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ და თითქმის მილიარდ ცხრაასი მილიონი დოლარი შეადგინა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 26 მაისს, კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ეს „ინვესტორთა მხრიდან ნდობის ზრდაზე“ მიანიშნებს, რასაც, თავის მხრივ, საქართველოში არსებული ბიზნესგარემო განაპირობებს.

„საქართველო ხშირად მოიხსენიება, როგორც კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და დიდი იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საინვესტიციო მიმზიდველობით, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი თანადგომით ჩვენ შევძლებთ, ეს მაღალი და საპასუხისმგებლო ნიშა მუდმივად შევინარჩუნოთ და უფრო მეტი წარმატებით განვავითაროთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველად ასევე ხდის ის ფაქტი, რომ ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები უკვე აქვს გაფორმებული: ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. მიმდინარეობს მუშაობა ინდოეთთან, ჰონკონგთან და ისრაელთან.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2017 წელს საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო 2018 წლის პირველი კვარტალის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. შარშან ამ პროცესში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ: „ექსპორტი გაიზარდა 29.1%-ით და 2 მილიარდ 728 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის იანვარ-აპრილში კი, ევროკავშირში ექსპორტი 24%-ით არის გაზრდილი.“

კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს სასტუმრო „ჰუალინგი“ მასპინძლობს. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის პრეზიდენტმა - ანდჟეი დუდამ და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა - ანდრეი კისკამ. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა უცხოელ სტუმარს და იმ სახელმწიფოთა ლიდერებს, რომლებიც პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარში უდგანან საქართველოს, როგორც „დამოუკიდებელ, სუვერენულ და რეფორმატორ სახელმწიფოს.“

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG