Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვევამდელებმა ფიცი დადეს


საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი დადო 488 რეკრუტმა და წვევამდელმა. ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად გაიმართა თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. გელათის გარდა, ამ ადგილებს უკავშირდება 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მომხდარი ბრძოლები, გელათში კი წვევამდელებმა ფიცი დადეს მეფე დავით აღმაშენებლის საფლავზე.

სამხედრო ფიცის დადებამდე შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, შემდეგ კი წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

რეკრუტების მიერ სამხედრო ფიცის დადებამდე თბილისის თავისუფლების მოედანზე თავისი სახელმწიფოების დროშებით ჩაიარეს აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ლატვიის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მედროშეებმა. მარში შეასრულა ლიეტუვის სამხედრო ორკესტრმა.

თავისუფლების მოედანზე ჩაიარეს გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა ლიცეუმის კადეტებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცის ფორმა და ხელში ეჭირათ იმ პერიოდის იარაღი. მათი მსველელობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მარში.

თავისუფლების მოედანზე ჩაიარეს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორებმა, ქართულ-ამერიკული პროექტის, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ მონაწილე 43-ე ბატალიონმა და ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა.

თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და ეკლესიის წარმომადგენლები, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიის, სომხეთის და ევროკომისიის პრეზიდენტები და სხვა უცხოელი სტუმრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG