Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო და ევროკავშირი გადადიან ურთიერთობის უმაღლეს ფორმატზე


გიორგი კვირიკაშვილი

დღეიდან იქმნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი - განაცხადა 26 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს მთავრობების წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს და დასახავენ სამომავლო გეგმებს. „ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. საქართველო რა თქმა უნდა, ასევე, მადლიერია გაზრდილი დაფინანსებისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოში „ევროპული სკოლის“ გახსნის გადაწყვეტილებისთვისაც.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით უდგას რეფორმირების უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელშიც პირადად შეაქვს წვლილი ევროკომისიის პრეზიდენტს. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ჟან-კლოდ იუნკერის პირველი ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. „ის ფაქტი, რომ დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი არის ჩვენს ქვეყანაში და ერთად ვზეიმობთ ესოდენ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისა და მისი ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლი მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რადგან ევროკავშირი ჟენევის ფორმატის უმთავრესი მონაწილე მხარეა და საქართველო მადლიერია ევროკავშირის თანმიმდევრული პოზიციისთვის, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG