Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს


მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის, ჯეფრი რობერტსონის პრესკონფერენცია. ჰააგა, 2018 წლის 29 მაისი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის გამო, სანქციები დაუწესონ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებს. ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობს ევროპარლამენტთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის ჰოლანდიელ კანონმდებლებთან, რათა დაარწმუნოს სანქციების აუცილებლობაში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროპამ უნდა გაყინოს პოროშენკოს და მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა აქტივები, რადგან მათ ქონება მოპარეს უკრაინელ ხალხს.

სააკაშვილი აპირებს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. პრესკონფერენციას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის ბრიტანელი ადვოკატი ჯეფრი რობერტსონი. მისი განცხადებით, სააკაშვილს, რომელიც უკრაინიდან უკანონოდ გააძევეს, სურს დაბრუნდეს და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სათავეში ჩაუდგეს თავის პოლიტიკურ პარტიას. რობერტსონის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე აუცილებელია უკრაინაში ყველა პროცედურის დასრულება. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივნისში აპირებს თავისი პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ აქტივისტებს შეხვდეს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან და საარჩევნო პროგრამა გააცნოს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას აქვს არა პირადი, არამედ კორუფციასთან ბრძოლის და უკრაინული დემოკრატიის დახმარების ამბიცია. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში სააკაშვილს იძულებით დაატოვებინეს უკრაინის ტერიტორია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG