Accessibility links

თბილისში დასრულდა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი. თბილისი, 2018 წლის 30 მაისი

დღეს თბილისში გაიმართა საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა სომხეთის პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავი.

ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სომხეთის სტაბილურობა და განვითარება, ამიტომ ყურადღებით აკვირდებოდნენ ბოლო პერიოდის მოვლენებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც მთავრობა მშვიდობიანად შეიცვალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს წარმატება უსურვა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთად შეძლებენ ახალი სტიმული მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მიულოცა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავი. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, რევოლუციის შემდეგ სომხურ-ქართული ურთიერთობები შეიძენს განვითარების დიდ პერსპექტივას და სომხეთის ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. „ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის და გიორგი კვირიკაშვილის პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრით. დღის წესრიგში იყო პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მისი შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება

სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს არჩეული ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. 31 მაისს ფაშინიანი ეწვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას შეხვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG