Accessibility links

"ამნესტი ინტერნეიშენალი" - „არკადი ბაბჩენკოს საზარელმა მკვლელობამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს"


„ამნესტი ინტერნეიშენალი“ ეხმაურება არკადი ბაბჩენკოს მკვლელობას და აცხადებს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რუსეთის პოლიტიკის კრიტიკოსთა მიმართ უკრაინაში არსებულ სიკვდილის საფრთხეს.

„არკადი ბაბჩენკოს საზარელმა მკვლელობამ უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს. უკრაინის ხელისუფლებამ ყველა კენჭი უნდა გადააბრუნოს, ვიდრე არ გამოავლენს ამ მკვლელობის ჩამდენს და არ წარადგენს მას მართლმსაჯულების წინაშე. უკრაინის მთავრობა ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ იყვნენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული და ვინ დგას უკრაინაში ჩადენილი სხვა მსგავსი მკვლელობების უკან“, - განაცხადა ოკსანა პოკალჩუკმა, „ამნესტი ინტერნეიშენალ - უკრაინის“ დირექტორმა.

არკადი ბაბჩენკომ რუსეთი 2017 წლის თებერვალში დატოვა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო. არკადი ბაბჩენკო ყოფილი სამხედროა. ის რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდა ჩეჩნეთში 1996-98 და 2000 წლებში. 2006 წელს მას დიდი პოპულარულობა მოუტანა წიგნმა - „ერთი ჯარისკაცის ომი“. რუსეთში არკადი ბაბჩენკო „ნოვაია გაზეტას“ სამხედრო კორესპონდენტად მუშაობდა.

ოკსანა პოკალჩუკის თქმით: „არკადი ბაბჩენკოს მკვლელობა არის კიევში რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მკვლელობების სერიის გაგრძელება“. ბაბჩენკოს მკვლელობას უკრაინის დედაქალაქში წინ უძღოდა 2015 წელს ჟურნალისტ ოლეს ბუზინასა და 2016 წელს პაველ შერემეტის მკვლელობები. „ამნესტი ინტერნეიშენალ - უკრაინის“ დირექტორის განცხადებით, ამ მკვლელობების ჩამდენები ჯერაც არ არიან გამოვლენილნი, არათუ დასჯილნი. „ეს ბოლო მკვლელობა ზრდის შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების უუნარობისა და მის მიერ ნების არ ქონის გამო დაიცვას: ჟურნალისტები, აქტივისტები, აგრეთვე სხვა მოწყვლადი ჯგუფები და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG