Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურორს გადადგომისკენ მოუწოდებენ


წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას და მთავარ პროკურორს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ. ხელისმომწერი ორგანიზაციები „გონივრულად“ აფასებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე და თვლიან, რომ კომისიის შექმნამდე უნდა დატოვოს თანამდებობა მთავარმა პროკურორმა. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებაზე პასუხისმგებლად კვლავ საქართველოს პროკურატურას ასახელებენ: „პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მიანიშნებს რომ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები პროკურატურის მიერ ამ საქმეზე განხორციელებული ქმედებების და საქმის შედეგით შესაძლო დაინტერესების შესახებ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, დროებით საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა მხოლოდ მთავარი პროკურორის ნებართვის შემთხვევაში ექნება. შესაბამისად, მოქმედი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენა, ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის მხრიდან ნებისმიერ მცდელობას, შეისწავლოს პროკურატურის ქმედებების კანონიერება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შექმნილი ვითარების გამო მთავარ პროკურორს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ, პარლამენტს კი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის მაქსიმალურად ღიად და კანონმდებლობის დაცვით წარმართვისკენ მოუწოდებენ.

გავცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: „ფონდის ღია საზოგადოება - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობა“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG