Accessibility links

ეუთოში დაგმეს სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება


ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს საქმეთა რწმუნებულმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით, სირიის რეჟიმმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებს მყისიერი რეაგირებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და მიიღოს საპასუხო ზომები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, ეუთოს წევრი ქვეყნების სრულმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო სირიის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმო ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც შეუერთდნენ მაკედონია, ჩერნოგორია, ალბანეთი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, უკრაინა და სან-მარინო. ევროკავშირის დელეგაციის განცხადებით, სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს ქარტიით და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრული ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან სირიის რეჟიმის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დაგმო ეუთოში აშშ-ის დელეგაციამაც. მისი განცხადებით, ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია და აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, პატივი სცენ გაეროს წესდებას. აშშ-მა რუსეთს მიმართა, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, თავისი შეიარაღებული ძალები დააბრუნოს ომამდელ პოზიციებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება ერთობლივი განცხადებით მკაცრად დაგმეს კანადის, ისლანდიისა და ნორვეგიის დელეგაციებმა, ასევე, შვეიცარიამ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ დაიწყო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პროცედურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG