Accessibility links

პრემიერ-მინისტრი მზად არის შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს


გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე. თბილისი, 2018 წლის 31 მაისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში სახალხო დამცველთან ერთადაც. პრესსამსახური ხაზს უსვამს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პირველსავე დღეს მივიდა, რის შემდეგაც განაცხადა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება გადადგამდა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებული შეკითხვების თაობაზე, ხოლო 3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ. მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებითვე, ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

3 ივნისს, პარლამენტთან მიტინგზე გამოსვლისას პარტიის “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ-მინისტრს 4 ივნისს, 14 საათზე შეხვდება და მთავარი თემა იქნება მთავრობის გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG