Accessibility links

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მალხაზ მაჩალიკაშვილიც მოითხოვს


პოლიციელები მთავრობის ადმინისტრაციასთან. თბილისი, 2018 წლის 4 ივნისი

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფება მთავრობის ადმინისტრაციასთან. მაჩალიკაშვილი დისკრიმინაციად მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მზადყოფნას, შეხვდეს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს. მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციისგან დაელოდებიან ოფიციალურ პასუხს შეხვდება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე სავარაუდოდ, მივლენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები. „მე ვიცი, რომ მოდიან, მაგრამ რა ფორმით მოხდება შეხვედრა, ეს არის სხვა საკითხი და ეს არის უშუალოდ მონაწილეების გადასაწყვეტი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის თქმით, პირადად ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ფორმატში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა 4 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში სახალხო დამცველთან ერთადაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG