Accessibility links

რუსეთში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდებულ უკრაინელ ჟურნალისტს


რუსეთში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდებულ უკრაინელ ჟურნალისტს, რომან სუშჩენკოს. კიევი და უფლებადამცველები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მის გასამართლებას. 4 ივნისს გამართულ სხდომაზე, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნობს სუშჩენკოს და მას უფარდებს 12 წლით პატიმრობას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ვერდიქტი, სავარაუდოდ, გააძლიერებს რუსეთის მიმართ საერთაშორისო კრიტიკას ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების ფონზე. ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. სუშჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის განცხადებით, ის განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. კიევი, უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები აცხადებენ, რომ მოსკოვს რამდენიმე უკრაინელი ჰყავს დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა. სუშჩენკო, რომელიც არის საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმის“ კორესპონდენტი პარიზში, 2016 წელს მოსკოვში ვიზიტისას დააკავეს გასაიდუმლოებული ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ სუშჩენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია და აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ძალებისა და ეროვნული გვარდიის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG