Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფიცულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს მერთან შეხვედრა


გლდანის დეპოში გაფიცულ მემანქანეებსა და ქალაქის მერს შორის მიმდინარე შეხვედრა მემანქანეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და აცხადებენ, რომ გაფიცვა კვლავაც გრძელდება. შეხვედრიდან გამოვიდა მერი კახა კალაძეც, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა - "კიდევ ერთხელ ავუხსენით, რა მდგომარეობაა მერიაში, კომპანიაში, მათ კიდევ ერთხელ გვითხრეს თავიანთი გასაჭირი, პრობლემები, რა აწუხებთ", თუმცა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, იმუშავებს თუ არა მეტრო 5 ივნისს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევრის, თამუნა ქებურიას ინფორმაციით, შეხვედრაზე კალაძემ მემანქანეებს უთხრა, რომ მათი ხელფასების მოსამატებლად ბიუჯეტში თანხები არ მოიპოვება და ამ საკითხის განხილვა მხოლოდ 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი. მემანქანეები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს და მსგავსი ზოგადი დაპირებები უწინაც მოუსმენიათ. გაფიცულების სურვილის მიუხედავად, მერის ინიციატივით შეხვედრას არ დაასწრეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გლდანის დეპოში მიმდინარე მოლაპარაკებას წინ უძღოდა მერიაში გამართული შეხვედრა კალაძესა და გაფიცულ მემანქანეებს შორის, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ მონაწილეები გაემართნენ გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოლაპარაკების სხვა გაფიცულ მემანქანეებთან ერთად გაგრძელების მიზნით. გაფიცვის გამო თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე და მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG