Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყველაზე არამშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულშია


საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ, „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა „მშვიდობის გლობალური ინდექსი 2018.“ კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე არამშვიდობისმოყვარე ქვეყნების ათეულს რუსეთი ხსნის და სირია ასრულებს. მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის სირია ბოლო ადგილზეა, რუსეთი კი 154-ზე. მშვიდობის მდგომარეობის მხრივ ყველაზე დაბალი შეფასების მქონე სახელმწიფოების კატეგორიაში არიან თურქეთიც(149) და უკრაინა(152).

საქართველოს მდგომარეობა შეფასებულია როგორც საშუალო და ის 102-ე ადგილზეა. ამასთან, 2017 წლის ინდექსით, საქართველო 94-ე ადგილზე იყო. საშუალო შეფასების მქონე სახელმწიფოთა კატეგორიაშია აშშ-იც, რომელიც 121-ე ადგილს იკავებს.

უმაღლესი შეფასებით მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ისლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრია, პორტუგალია და დანია.

რეიტინგის შედგენისას „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი“ ითვალისწინებს 23 ინდიკატორს სამი სხვადასხვა კატეგორიიდან - საზოგადოების უსაფრთხოება, კონფლიქტები და მილიტარიზაცია. საზოგადოების უსაფრთხოების კვლევისას ყურადღება ექცევა ქვეყანაში მკვლელობების დონეს, პატიმრების და პოლიციელების რაოდენობას და დანაშაულის აღქმას. მილიტარიზაციის კატეგორიისთვის ინდიკატორებია სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, შეიარაღებისთვის განკუთვნილი ხარჯის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან და იარაღის ექსპორტი.

„ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტის“ მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუარესდა 92 ქვეყანაში და გაუმჯობესდა 71-ში. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის დასკვნით, მსოფლიოს მასშტაბით უკვე მეოთხე წელია გრძელდება მშვიდობისმოყვარეობის შემცირების უარყოფითი ტენდენცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG