Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში მოითხოვენ დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას


რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიციური პარტია „ამცახარა“ მოითხოვს, თანამდებობა ვადამდე დატოვოს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ. რადიო თავისუფლების პროექტის, „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, 5 ივნისს გაიმართა პარტიის ყრილობა, რომელსაც 600-მდე დელეგატი დაესწრო. „ამცახარის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის, ალხას კვიცინიას განცხადებით, აფხაზეთში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, ხელისუფლება დეგრადირებულია, ხოლო საზოგადოება გახლეჩილი და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხაჯიმბას ხელისუფლებას, რომელიც ხალხს პირდებოდა რეფორმებს, სასიკეთო ცვლილებებს, დასაქმებას და ღირსეულ პენსიას.

ყრილობაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაჯიმბას არაკომპეტენტური საქმიანობა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. „ამცახარას“ შეფასებითვე, სტრატეგიული მნიშვნელობის პრობლემების და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ხაჯიმბამ ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში „ამცახარა“ საპროტესტო აქციების დაწყებით იმუქრება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG