Accessibility links

შოთა ხაბარელი: თუ ვინმე ამ პროცესს ხელს აფარებს, პირდაპირ დავასახელებ


შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელმა ღიად გააკრიტიკა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებები. პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფედერაციაში პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის გადადგომით სასიკეთო ძვრები არ მომხდარა და ვერც მოხდება, თუკი ქევხიშვილის საქმეს მისივე გუნდი გადაიბარებს.

„არც კი შემატყობინეს, რომ 5 ივნისს აღმასკომის სხდომა იმართებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აღმასკომის წევრი ვარ. ვერ იტყვიან, რომ ვერ დამიკავშირდნენ, რადგან ტელეფონი ყოველთვის ჩართული მაქვს. სინამდვილეში ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ დიდ უხერხულობას შეუქმნიდათ სხდომაზე ჩემი ყოფნა. თვალებში შემოხედვის რცხვენოდათ. აღმასკომში არიან ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავთ ქართული ძიუდო, მაგრამ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ეს თავადაც იციან. უბრალოდ დავით ქევხიშვილის დავალებებს ასრულებენ. დავით ქევხიშვილის დავალებებს. ეს ხომ მისი წრეა, მისი გუნდია. არ გამოვრიცხავ, დავალება უფრო მაღლიდანაც მოდიოდეს. ძიუდოისტებმა ვარჯიში განაახლეს, მაგრამ ისევ იმ სტრესში არიან. იციან, რომ ქევხიშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, თუ მის ადგილს ახალი „ქევხიშვილი“ დაიკავებს. შევეცდები ყველას გავაგებინო, რეალურად რა ხდება. შემდეგ კი ვნახოთ, ვის როგორი რეაქცია ექნება. თუ ვინმე პროცესს ხელს აფარებს, პირდაპირ დავასახელებ, რადგან ქართული ძიუდო ამ არაჯანსაღი სიტუაციით ძალიან ზარალდება“ - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა 5 ივნისს გაიმართა. აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელმას უნდა უზრუნველყოს უპრეზიდენტოდ დარჩენილი ფედერაციის ეფექტიანად მუშაობა. მმართველობით ფუნქციებს კი ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი შეასრულებს. აღმასკომისვე გადაწყვეტილებით, შოთა ხაბარელის ბოლოდროინდელი ქმედებები აღმასკომის წევრის სტატუსს არ შეეფერება და უახლოეს სხდომაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი მისი აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვა იქნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG