Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის შესახებ მომზადებულ განცხადებას მხარი რუსეთმაც დაუჭირა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, დაიცვან მინსკის სამშვიდობო შეთანხმება. საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მომზადებულ განცხადებას მხარი დაუჭირა საბჭოს ყველა წევრმა, მათ შორის რუსეთმაც. უშიშროების საბჭოს მიერ 6 ივნისს მიღებულ განცხადებას მიენიჭა თავმჯდომარის განცხადების სტატუსი, რაც მნიშვნელობით მეორე დოკუმენტია რეზოლუციების შემდეგ. გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა რუსეთის წარმომადგენელი ვასილი ნებენზია და შესაბამისად, სხდომაზე მან წაიკითხა განცხადება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.

დოკუმენტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო განსაკუთრებით გმობს სამშვიდობო შეთანხმებით აკრძალული მძიმე შეიარაღების გამოყენებას, რის შედეგადაც იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. საბჭომ ყველა მხარეს მოუწოდა, კონფლიქტის ზონიდან გაიტანონ ამ ტიპის შეიარაღება. დოკუმენტში საუბარია, უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც, რომელიც მძიმედ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე.

გაეროში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის, ფრანსუა დელატრის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი მნიშვნელოვანი გზავნილია „ნორმანდიული ფორმატით“ შეხვედრის წინ. 11 ივნისს, ბერლინში დაგეგმილია გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ისინი შეეცდებიან უკრაინის აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის აღდგენას და მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG