Accessibility links

სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის სარჩელი


ანა დოლიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ მისი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სარჩელი. დოლიძემ საბჭოს მას შემდეგ უჩივლა, რაც ის მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში გათვალისწინებული გასაუბრებიდან აიცილა 14-მა მოსამართლემ. ანა დოლიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო სასამართლო სისტემისადმი მისი კრიტიკული დამოკიდებულების და საჯარო განცხადებების გამო.

სასამართლო პროცესზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იურისტი დოლიძის სარჩელს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება კანონს შეესაბამება და მისი ბათილად ცნობა დაუშვებელია. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“ იურისტის, სულხან სალაძის შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს. სალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ სამომავლოდ საბჭოს წევრს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს და მისი კრიტიკული განცხადება აცილების საფუძველი არ გახდეს, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.

თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გავრცელებული განცხადებები ობიექტურ დამკვირვებელს უჩენდა საფუძვლიან ეჭვს ანა დოლიძის მიუკერძოებლობაში, ხოლო სადავო გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაში იყო ორგანულ კანონთან საერთო სასამართლოების შესახებ და ასევე სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობასთან.“

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG