Accessibility links

კანადაში იწყება "დიდი შვიდეულის" ერთ-ერთი ყველაზე რთული სამიტი


"დიდი შვიდეულის" ლიდერთა წინა სამიტი 2017 წლის მაისში, იტალიაში გაიმართა

8 ივნისს, კანადაში იწყება „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების ორდღიანი სამიტი. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, აშშ-ის და იაპონიის ლიდერები იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობის და გარემოს დაცვის საკითხებზე, რომლებშიც აშშ-ის პოზიცია სერიოზულად განსხვავდება დანარჩენი 6 სახელმწიფოს პოზიციისგან.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის" სამიტს დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვებს. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი არ დაესწრება სესიას, რომელზეც განიხილება გარემოს დაცვის და კლიმატის შეცვლის საკითხები. მწვავე უთანხმოების საგნად რჩება აშშ-ის მიერ საბაჟო გადასახადის დაწესებაც ევროკავშირიდან და კანადიდან იმპორტირებული ალუმინისა და ფოლადისთვის. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა სამიტის მასპინძელი კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებით, თუმცა, სამიტის ფარგლებში გეგმავს მათთან პირისპირ შეხვედრებს.

სამიტის დაწყებამდე, 7 ივნისს კანადაში გაიმართა ტრუდოს და მაკრონის მოლაპარაკება. საფრანგეთის პრეზიდენტის, განცხადებით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ „დიდი შვიდეულის“ ექვსი სახელმწიფოს ბაზარი საერთო ჯამში ამერიკულზე დიდია. მაკრონის შეფასებით, სავაჭრო ომი კარგს არავის მოუტანს და იზოლაციონიზმი ცუდად აისახება ამერიკელებზეც. ემანუელ მაკრონის და ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, შეეცდებიან დონალდ ტრამპის დარწმუნებას, რომ აუცილებელია ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში, „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის შემაჯამებელ შეთანხმებას ხელს აშშ-ის გარეშე მოაწერენ. მაკრონმა ტვიტერზე დაწერა, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრი 6 ქვეყანა საერთო ფასეულობების და ბაზრის დამცველია, ისტორიაში თავისი წონა აქვთ და დღესაც წარმოადგენენ რეალურ საერთაშორისო ძალას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG