Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა დაიწყო საუბრით ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებმაც „საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია“ და „ძალიან პრინციპული მნიშვნელობისაა.“

„ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის მთავრობაშიც. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება - პარლამენტმა დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვამდე მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით.

„ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც უპრეცედენტოა.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, თვისებრივი ცვლილება მოხდა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ორგანიზებული ჩართულობა. კვირიკაშვილის განცხადებით, უპრეცედენტოა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმცირესობა წარმოდგენილია უმრავლესობით და კომისიის თავმჯდომარეც უმცირესობის წარმომადგენელია.

ასე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, თვისებრივი პოლიტიკური ცვლილება, რომელიც მოხდა ჩვენს ქვეყანაში და მინდა, ჩვენი მოქალაქეები კარგად დააკვირდნენ განსხვავებას, თუ როგორ რეაგირებს საზოგადოებრივ აზრსა და მოთხოვნებზე დღევანდელი სახელმწიფო. ეს ცვლილება მოიტანა რა თქმა უნდა, 2012 წელს განხორციელებულმა ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ტრანსფორმაციამ. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და დიდი იმედი მაქვს, რომ მთელი გუნდი, ერთმანეთის გვერდში დგომით გავაკეთებთ იმას, რომ გვექნება გამართული სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლიანობის გრძნობაც მთელ საზოგადოებაში გაცილებით უფრო მყარი იქნება“ - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამისათვის გადასადგმელია ნაბიჯები, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი სასამართლო რეფორმაზე.

არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს აქვს სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შეცდომებიც აქვს, მაგრამ მათზე ხდება ადეკვატური რეაგირება და საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა. „კიდევ ერთხელ ვამბობ, ტენდენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG