Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-ის სამიტის საბოლოო დოკუმენტი მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს


კანადაში, კვებეკში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც სამიტის ყველა წევრი აწერს ხელს, მწვავედ აკრიტიკებს რუსეთს. დოკუმენტში საუბარია ასევე რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნების საჭიროებაზე. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში - ეს განცხადება მან დიდი შვიდეულის სამიტის კულუარებში გააკეთა. "რუსეთის დაბრუნება მომგებიანი იქნება მსოფლიოსთვის" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა - ეს კარგი იქნებოდა მსოფლიოსთვის, კარგი იქნებოდა რუსეთისთვის. და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა აშშ-ისთვის. ამასთან, ეს კარგი იქნებოდა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დიდი შვიდეულის წევრიაო. უფრო ადრე დასავლეთის სხვა ლიდერებმა უგულებელყვეს ტრამპის წინადადება, რომ რუსეთი დიდ შვიდეულში უნდა დაბრუნდეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თქვა, ეს არ მოხდება, სანამ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესი აღინიშნება. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჯგუფის შვიდი წევრიდან ოთხს წარმოადგენენ, სამიტამდე შეთანხმდნენ, რომ "დიდი შვიდეულის სამიტების ფორმატში რუსეთის დაბრუნება არ შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ უკრაინის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება" - განაცხადა მერკელმა კვებეკში, კანადაში, 8 ივნისის საღამოს. რუსეთი ამ ჯგუფიდან ოთხი წლის წინ გარიცხეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სეპარატისტებს უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 10300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ომის ფარგლებში. მერკელის თქმით, ის, რომ რუსეთი კვლავაც ჯგუფის გარეთ უნდა იყოს, ევროპის "ერთიანი შეხედულებაა" - თუმცა იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მოგვიანებით ტვიტერით გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ რუსეთი "მოლაპარაკების მაგიდასთან" უნდა დაბრუნდეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG