Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ტრამპს ეწინააღმდეგება, მას შემდეგ რაც მან პოზიცია შეცვალა G7-ის განცხადებაზე


ევროპის ქვეყნების ლიდერები არ ეთანხმებიან აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მას შემდეგ, რაც მან დიდი შვიდეულის სამიტს სირთულეები შეუქმნა და გამოეთიშა განცხადებას, რომელსაც მანამდე დათანხმდა. 9 ივნისს, გვიან ღამით ტრამპმა ტვიტერით დაწერა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრისა და სამიტის მასპინძლის, ჯასტინ ტრუდოს "ყალბი განცხადებების" გამო მან აშშ-ის წარმომადგენლებს დაავალა არ დათანხმებოდნენ საბოლოო განცხადებას - რომელიც, ტრუდოს თქმით, შეთანხმებული იყო დიდი შვიდეულის სამიტის ყველა მონაწილესთან. ტრამპს არ დაუზუსტებია რომელიც განცხადებები იყო ყალბი, ტრუდოს ოფისმა კი გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრს სამიტზე არაფერი უთქვამს ისეთი, რაც მანამდე საჯაროდ ან პირადად ტრამპისთვის არ ჰქონდა ნათქვამი. განცხადებაში გამოთქმულია სავაჭრო თანამშრომლობის აუცილებლობა, გაკრიტიკებულია რუსეთი და ხაზგასმულია ირანის ბირთვული პროგრამის შეკავების საჭიროება. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს "ერთობლივად შეთანხმებულ განცხადებას", ტრამპის გადაწყვეტილების მიუხედავად. საფრანგეთის პრეზიდენტის წარმომადგენელიც ამბობს, რომ საფრანგეთი და ევროპა G7-ის განცხადების ერთგულნი რჩებიან და ყველა, ვინც სამიტზე დადებული პირობებიდან გადაუხვევს, იჩენს "ბუნდოვანებას და არათანმიმდევრულობას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG