Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინგაპურში დაიწყო დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ისტორიული მნიშვნელობის სამიტი


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელის ჩამორთმევით გახსნეს ისტორიული მნიშვნელობის სამიტი, რომელიც სინგაპურში იმართება და მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთი კორეის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. სამიტი ადგილობრივი დროით დილის 9 საატზე დაიწყო სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, ფეშენებელურ კურორტზე. შეხვედრის პირველი 45 წუთის განმავლობაში ლიდერებთან ერთად მხოლოდ მათი თარჯიმნები იქნებიან, შემდეგ კი მათ თანაშემწეები შეუერთდებიან მოლაპარაკების გასაგრძელებლად და სადილზე. მიუხედავად საკუთრივ შეხვედრის მნიშვნელობისა, სამიტის შედეგების თაობაზე მოლოდინები დიდწილად შემცირებულია. ორივე ლიდერმა შინ დაბრუნება უკვე დაგეგმა 13 ივნისისთვის, რაც მხოლოდ ერთ დღეს ტოვებს გარღვევისათვის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხში - რომელიც ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელად რჩება. სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა ტვიტერზე ფრთხილი ოპტიმიზმით დაწერა: "აპარატის მუშაკებს და წარმომადგენლებს შორის შეხვედრები კარგად და სწრაფად მიმდინარეობს ... მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მალე გვეცოდინება შედგება თუ არა ნამდვილი შეთანხმება - არა ისეთი, როგორიც წარსულში"!

გარკვეული პერიოდის წინ, სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში ტრამპი უფრო მეტად ჩანდა ოპტიმისტურად განწყობილი და ვარაუდობდა, რომ ისინი ერთ შეხვედრაში, ან რამდენიმე დღეში შეძლებდნენ ბირთვული შეთანხმების მიღწევას, ან კორეის ომის ოფიციალურად დასრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG