Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: კიმ ჩენ ინთან გამართული შეხვედრა "უდიდეს წარმატებას" მოიტანს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასრულა პირისპირ შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან. ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკება გრძელდება და ის "უდიდეს წარმატებას" მოიტანს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების თვალსაზრისით. სამიტი ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე დაიწყო სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე, ფეშენებელურ კურორტზე.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ გრძნობდა თავს ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრის შემდეგ ტრამპმა უპასუხა: "თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ეს დიდებული მოლაპარაკება იქნება და ვფიქრობ ის უდიდეს წარმატებას მოიტანს". ტრამპმა დასძინა, რომ შეხვედრა "ძალიან, ძალიან კარგი" იყო და თქვა, "ვფიქრობ, ეს ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება, ამაში ეჭვი არ მეპარება".

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ტვიტერზე დაწერილ განცხადებაში ტრამპი უფრო ფრთხილი ჩანდა - "აპარატის მუშაკებს და წარმომადგენლებს შორის შეხვედრები კარგად და სწრაფად მიმდინარეობს ... მაგრამ საბოლოო ანგარიშით ამას არ აქვს მნიშვნელობა. მალე გვეცოდინება, შედგება თუ არა ნამდვილი შეთანხმება - არა ისეთი, როგორიც წარსულში"!, წერდა ის. კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას, რომელიც ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევით დაიწყო, ტრამპმა თქვა, საკითხებს ერთად მუშაობით გადავწყვეტთო.

კიმ ჩენ ინმა საპასუხო განცხადებაში თქვა: "აქამდე მოსვლა ადვილი არ ყოფილა. წარსულში, ძველი პრაქტიკა და დამკვიდრებული მოსაზრებები ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა და ბევრ წინაღობას გვიქმნიდა, მაგრამ ყველა მათგანი გადავლახეთ და დღეს აქ ვართ". პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ლიდერი კიდევ ერთ ორმხრივ მოლაპარაკებას მართავს, რომელშიც მათი აპარატების წევრებიც მონაწილეობენ. ვარაუდობენ, რომ ეს შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდება და სადილსაც მოიცავს.

მიუხედავად საკუთრივ შეხვედრის მნიშვნელობისა, სამიტის შედეგების თაობაზე მოლოდინები დიდწილად შემცირებული იყო. ორივე ლიდერმა შინ დაბრუნება დაგეგმა 13 ივნისისთვის, რაც მხოლოდ ერთ დღეს ტოვებს გარღვევისათვის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხში - რომელიც ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელად რჩება. ჯერჯერობით უცნობია, რომელიმე მათგანმა თუ შეცვალა სახლში დაბრუნების გეგმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 11 ივნისს მიანიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ამ შეხვედრისგან არ მოელის მყისიერ გარღვევას და იმედოვნებს, რომ შეხვედრა უფრო გრძელვადიან მოლაპარაკებებს დაუდებს საფუძველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG