Accessibility links

მარგველაშვილი: კვირიკაშვილი იყო სამუშაოდ ყველაზე კომფორტული უმაღლესი თანამდებობის პირი


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის გაუგებარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საჯაროდ დასახელებული მიზეზი.

„საზოგადოებისთვის გაჩნდა კითხვები, რატომ წავიდა ბატონი კვირიკაშვილი თანამდებობიდან. იმ პროცესში, რომელშიც ბატონი კვირიკაშვილის გუნდი სწორედ ეკონომიკურ მიმართულებას ავითარებდა, ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა“ - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბათუმში, კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" გამოსვლისას. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ამ ფონზე გაუგებარია, როცა არ ხდება კომენტირება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებისა, რომლებსაც დაახლოებით ერთი თვეა საზოგადოება აქტიურად აპროტესტებს.

„და გვეძლევა ახალი ვერსია, რომ თურმე, „იუნისეფის“ კვლევიდან გამომდინარე კვირიკაშვილს ვერ აუგია ეკონომიკური პოლიტიკა და ამის გამო მიდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება სწორედ ამ მიმართულებით დახასიათდეს როგორც პრინციპული ნაბიჯების გადამდგმელი“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი შეფასებით, იმ ოთხ უმაღლესი თანამდებობის პირს შორის, ვისთანაც როგორც პრეზიდენტს უმუშავია, გიორგი კვირიკაშვილთან მუშაობა იყო ყველაზე კომფორტული და მას ჰქონდა ქვეყნის განვითარების ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვა. ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირს შორის გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გარდა იგულისხმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი და ირაკლი კობახიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG