Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება


ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. 14 ივნისის რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, ასევე დაგმობილია „ვენესუელის, ნიკარაგუის, სირიისა და ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების“ შესახებ. ევროპარლამენტი მათაც მოუწოდებს გადაწყვეტილების გაუქმებისაკენ. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც რეზოლუციას მიემხრო დეპუტატების დიდი უმრავლესობა, სიტყვით გამოსულებს შორის იყო შვედეთის წარმომადგენელი დეპუტატი, იასენკო სელიმოვიჩი.

მან ევროკავშირს მოუწოდა, ნუ დაივიწყებს საქართველოს, სადაც რუსეთი ომიდან 10 წლის შემდეგაც განაგრძობს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას. „საქმე ეხება იმის რწმენას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა პატივს უნდა სცემდეს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს. ამიტომ არის აუცილებელი, ყველა ზომას მიმართოთ, რათა რუსეთს დაბეჯითებით მოსთხოვოთ, შეასრულოს ექვსპუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა“, განაცხადა შვედმა პარლამენტარმა.

რეზოლუციაში, მაგალითად, ვკითხულობთ, რომ ევროპის პარლამენტი:

კიდევ ერთხელ ადასტურებს ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; აღიარებს, რომ გაეროს ქარტიაში, 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაში და 1990 წლის ეუთოს პარიზის ქარტიაში მოყვანილი პრინციპები წარმოადგენს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის ქვაკუთხედს;

მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ გააუქმოს მისი გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ;

ხაზს უსვამს, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციამ უპირობოდ შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ყველა პირობა, კონკრეტულად კი მისი პირობა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების სრულად გაყვანის შესახებ;

მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ეწოდება და რომელიც მიმართულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, ადამიანებს შორის კონტაქტის გასაძლიერებლად და დაყოფილ თემებს შორის კავშირების აღსადგენად.

(იხ. რეზოლუციის სრული ტექსტის არაოფიციალური თარგმანი)

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG